(995 431) 24 09 11
kutaisi1@mes.gov.ge




სკოლის ისტორია

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის პირველი საჯარო სკოლა მემკვიდრეა ქუთაისის კლასიკური გიმნაზიისა.იგი საქართველოს ერთ-ერთი უძველესი საგანმანათლებლო კერაა.მისი ისტორია იწყება 1830 წლიდან, როდესაც ქუთაისში დაარსდა საშუალო ტიპის სამაზრო სასწავლებელი. 1850 წელს,ქუთაისის გუბერნიის შექმნის გამო, იგი გიმნაზიად, 1879 წელს კი კლასიკურ გიმნაზიად გადაკეთდა,კლასიკური ენების - ლათინურისა და ძველბერძნულის სწავლების შემოღებასთან დაკავშირებით.

    თავდაპირველად სკოლას საკუთარი შენობა არ გააჩნდა და ის კერძო პირთაგან დაქირავებულ სახლებში ფუნქციონირებდა (პოლკოვნიკ წერეთლის სახლი).

    XIX ს-ის 50-იან წლებში(1851-1854წ.წ.)იმერეთის მეფეთა სასახლის - „ოქროს ჩარდახის“ მიმდებარე ტერიტორიაზე აიგო გიმნაზიის ორსართულიანი შენობა სამი ფლიგელით(გიმნაზიის ძველი კორპუსი დღევანდელი რუსთაველის ქუჩაზე), რომელსაც მესამე სართული მოგვიანებით დააშენეს.

  აღნიშნული შენობა ააგო ქუთაისელმა „პროპორშჩიკმა“ სტეფანე აკოფოვმა კავკასიის საწავლო ოლქის არქიტექტორ ენფიეჯიევის პროექტით.1891 წელს შენობა მისი მეპატრონეების- აკოფოვისა და თუმანოვისაგან გამოისყიდა ხაზინამ 110 ათას მანეთად.

  1905 წ-მდე ქუთაისის კლასიკური გიმნაზია იყო ერთადერთი საშუალო სასწავლებელი მთელ გუბერნიაში, რომელიც იძლეოდა უნივერსიტეტში შეუფერხებლად შესვლის უფლებას, რის გამოც განუწყვეტლივ იზრდებოდა მოსწავლეთა კონტიგენტი. შენობა კი გაზრდილ  მოთხოვნებს ვეღარ აკმაყოფილებდა. წლების განმავლობაში იდგა ახალი შენობის აგების საკითხი, რომელიც მხოლოდ 1900- 1903 წ.წ.-ში განხორციელდა.ძველს მიაშენეს ახალი კორპუსი საპარადო ნაწილით. არქიტექტორი გახლდათ ი.ლუკაშევი (ნოვოროსიისკისა და პიატიგორსკის გიმნაზიების პროექტების ავტორი).1909 წ.-ს საბოლოოდ დასრულდა შენობის გადაკეთება და მან ქუთაისის სინამდვილეში ერთ-ერთი საუკეთესო ისტორიულ -არქიტექტურული ძეგლის იერსახე შეიძინა.

 ქუთაისის კლასიკური გიმნაზია იყო რუსული სასწავლებელი მთელ მაშინდელ იმპერიაში გამეფებული მკაცრი საგანმანათლებლო სისტემით, რომელიც დევნიდა ყოველგვარ ნაციონალურ მისწრაფებას, ახშობდა ეროვნულ სულისკვეთებას, ეფუძვნებოდა „როზგის“ პოლიტიკას, ქადაგებდა რუსეთის სამეფო ტახტისა  და რუსული ეკლესიის ბრმა მორჩილებას. პედაგოგთა უმრავლესობა შოვინისტურად იყო განწყობილი და აბუჩად იგდებდა ქართველ ხალხს, მის ენას, კულტურასა და ისტორიას. რა თქმა უნდა, მათ შორისაც იყვნენ ბედნიერი გამონაკლისები, რომლებსაც ასე მიგნებულად უწოდა  აკაკიმ „ ნათელი იმ საზარელს ბნელში“:

ესენი იყვნენ:  

  ალექსანდრე სტოიანოვი, ოსიპ ჩებიში, ევგენი ნარბუტი, ფიოდორ კატილევსკი, ლევ სემიონოვი, ალექსანდრე კასენიევი, ვასო ბალანჩივაძე, ნიკოლოზ ჯემარჯიძე, პარმენ თვალჭრელიძე-ცახელი, პლატონ წულუკიძე, სიმონ ღოღობერიძე, გიორგი მაისურაძე, რაჟდენ გიგაური, ვუკოლ ბერიძე...


    XX საუკუნის ათიან წლებში კლასიკური გიმნაზია გაუქმდა, რის შემდეგაც სასწავლებელმა მრავალგზის შეიცვალა სახე:

    1918-1921 წ.წ.-ში - ვაჟთა გიმნაზია;

    1921–1937 წ.წ.-ში - პირველი საშუალო სკოლა;

    1943-1954 წ.წ.-ში - ვაჟთა პირველი საშუალო სკოლა;

     1954-1991წ.წ.-ში - პირველი საშუალო სკოლა, რომელიც 1957 წ. -დან  აქ აღზრდილი დიდი რუსი პოეტის ვლ. მაიაკოვსკის სახელს ატარებდა;

     1991 წელს სკოლას სამართლიანად მიენიჭა კლასიკურ გიმნაზიაში აღზრდილი დიდი მამულიშვილის -აკაკი წერეთლის სახელი.

     1991-1995 წ.წ.-ში - აკაკი წერეთლის სახელობის პირველი საშუალო სკოლა;

     1995-2004 წ.წ.-ში  აკაკი წერეთლის სახელობის კლასიკური გიმნაზია;

     2005 წ.-დან - აკაკი წერეთლის სახელობის პირველი საჯარო სკოლა.      

  სკოლის ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღია 2009 წელი, როდესაც შენობას ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია.პროექტის მთავარი არქიტექტორი იყო ბადრი მელქაძე, არქიტექტორი - მანანა ჩირაძე.სკოლას დაუბრუნდა ძველი კორპუსი,რომელიც წლების განმავლობაში დაკავებული ჰქონდა სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებებსა და გამოიყენებოდა საცხოვრებლადაც.